Home

მანიფესტი ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ციფრულ ეპოქაში

ევროპის საბჭო წარმოადგენს ყველაზე ძველ და ერთადერთ პანევროპულ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას 830 მილიონი მოქალაქისათვის ევროპაში. ევროპის საბჭო ზემოაღნიშნულს ახორციელებს 1950 წლის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საშუალებით, რომელიც დაარსდა 1959 წელს. წლების განმავლობაში აღნიშნულ კანონმდებლობას მრავალი სამართლებრივი, მონიტორინგის, პროფესიული შესაძლებლობებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტი დაემატა პოლიტიკის სექტორებში, რომლებიც რელევანტურია ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად ევროპელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დემოკრატიის პირობებში, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ჯანმრთელობისა და გარემოს საკითხებთან დაკავშირებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევების ზეწოლას განიცდის , ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლის იუბილე ხელსაყრელ დროს ემთხვევა ხელოვნებისა და კულტურის, როგორც კონსტრუქციული დიალოგის შესანარჩუნებელი ძლიერი საშუალებების, მთავარი როლის ხაზგასასმელად დემოკრატიულ და ღია საზოგადოებებში.

ხშირად სწორედ ხელოვანები, ექსპერტები და კულტურის სპეციალისტები მიანიშნებენ პრობლემებზე, აცხადებენ არასასიამოვნო სიმართლეს, ლაპარაკობენ უთქმელ საკითხებზე და უხილავს ხილულად აქცევენ - იყენებენ თავიანთ მხატვრულ და კულტურულ საშუალებებს და ქმნიან სივრცეს საზოგადოებრივი დებატებისთვის პოლიტიკური დისკურსის მთავარ არხებზე, მათ ფარგლებს გარეთ და სოციალურ მედიაში.

ევროპის კონტინენტი მტკიცედ ემხრობა საერთო ღირებულებებს და მისი ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, გამოხატვის თავისუფლება, მხატვრული თავისუფლების ჩათვლით, გლობალურად წარმოადგენს მის ყველაზე მნიშვნელოვან და შედეგიან ექსპორტს. კონვენციის მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მხატვრული გამოხატვის თავისუფლებას. ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც დემოკრატია მზარდი გამოწვევების წინაშე დგას, გარკვეული სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დასტურდება მხატვრული გამოხატვის თავისუფლებაში მზარდი ჩარევა , და აგრეთვე ევროპაში არასახელმწიფო აქტორების ჩარევის ფაქტები. ამის გამო, კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველ კომიტეტს სურს ხაზი გაუსვას, რომ:

  1. ადამიანის უფლებები განუყოფელია. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა;
  2. გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს როგორც ტექნოლოგიური განვითარების ბოროტად გამოყენებისგან, ასევე საზოგადოებაში განსხვავებული ხმის ჩახშობის მცდელობებისაგან ან გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებისგან, რომელიც ხელს უწყობს განხეთქილების გამომწვევ ნარატივს, შეუწყნარებლობასა და სიძულვილს;
  3. მხატვრული და შემოქმედებითი გამოხატვა, გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და ხელოვანები უნდა იყვნენ დაცული ცენზურისგან, ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა ან დაშინებისგან. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
  4. გამოხატვის თავისუფლებისა და მხატვრული თავისუფლების შეზღუდვა გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე, აკლებს რა მას პლურალიზმსა და დემოკრატიული პროცესის სიცოცხლისუნარიანობას. მხატვრული თავისუფლების ეკოსისტემა გავლენას ახდენს განათლებაზე, კულტურის განვითარებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სტანდარტებზე, კეთილდღეობაზე, ცხოვრების ხარისხსა და სოციალურ ერთობაზე ;
  5. სწორედ კულტურათა, ენათა, ხელოვნების ფორმათა და თავისუფალ მხატვრულ გამოხატულებათა მრავალფეროვნება განაპირობებს კულტურათაშორის დიალოგს და თანამშრომლობას. გამოხატვის თავისუფლება აისახება მრავალფეროვან და შთამაგონებელ მხატვრულ და კულტურულ გარემოში და ხელს უწყობს ურთიერთგაგებასა და თანაცხოვრებას;
  6. მხატვრული თავისუფლება, სხვა ყველაფერთან ერთად, ასოცირდება ცნობისმოყვარეობასთან, შემოქმედებითობასთან, ინოვაციურობასთან, თვითრეალიზებასთან, კრიტიკულ აზროვნებასა და იმ კომპეტენციებთან, რომლებიც სულ უფრო მეტად გახდება საჭირო შუამავლობისთვის ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის: ხელოვნება და კულტურა ცენტრალურ როლს ასრულებენ მომავლისაკენ ადამიანზე ორიენტირებული გზის გაკვალვაში, რაც შეიძლება გამოიხატოს მანქანური ინტელექტისა და ადამიანი-მანქანის ურთიერთქმედებით;
  7. ხელოვნება და კულტურა ხაზს უსვამს, გამოხატავს, კომუნიკაციას ახდენს და წინასწარ განსაზღვრავს ადამიანის რეაქციას სოციალურ ცვლილებებზე და უზრუნველყოფს კავშირებს ეკონომიკურ/ტექნოლოგიურ ლოგიკასა და მდგრად განვითარებას შორის. შემოქმედება და მრავალფეროვანი კულტურული გამოხატვები, რასაც ხელს უწყობს და ასტიმულირებს მხატვრული თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს კატალიზატორს მდგრადი განვითარების დაგეგმვისა და პოლიტიკათა შესაქმნელად;
  8. ხელოვნების ძალა, რომელსაც გააჩნია კომუნიკაციის დამყარების, ახალი პერსპექტივებისა და იდეების გაჩენის უნარი, ხელოვანს, მხატვრულ მობილობასა და მხატვრულ თავისუფლებას საზოგადოებისათვის სტრატეგიულ რესურსებად აქცევს, ვინაიდან ხელს უწყობს ფრაგმენტაციის დაძლევასა და თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებას.
  9. COVID-19 კრიზისით გამოწვეულ ამ რთულ პერიოდში, როდესაც ხელოვანთა და კულტურისა და შემოქმედების სექტორის შემოსავალზე სერიოზულ გავლენას ახდენს დაწესებული შეზღუდვები, როდესაც ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელობა, როგორც საზოგადოებრივი რესურსებისა ხალხის აქტივობებში ჩასართავად, დასაკავშირებლად და ინსპირაციისათვის, უფრო თვალსაჩინო ხდება, მნიშვნელოვანია სახელმწიფოების მიერ უზრუნველყოფილი ეკონომიკური დახმარების პაკეტების ბენეფიციარებად ხელოვანთა და კულტურის სექტორის ჩართვა.
  10. დღევანდელი ხელოვანები და კულტურის მუშაკები ხვალინდელ მემკვიდრეობას ქმნიან, ხშირად აკავშირებენ წარსულს, აწმყოსა და მომავალს თავიანთ ქმედებებსა და პროდუქტებში. მათი საქმიანობა შთაგონებულია საზოგადოების მოლოდინით, მისი ასახვით და მემორიალიზაციით, ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტურობის განმტკიცებითა და დემოკრატიული ცნობიერების ამაღლებით.
  11. კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფა, დაზიანება, ფალსიფიკაცია და განადგურება, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში, გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებათა გამოხატვის თავისუფლებისთვის;
  12. ხელოვნების, კულტურისა და ხელოვანთა ნამუშევრების მნიშვნელოვანი როლის დასაფასებლად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში, ევროპის საბჭოს ხელოვნების 30-ე გამოფენასთან "თავისუფლების სურვილი: ხელოვნება ევროპაში 1945 წლიდან“ (2012-15) შეთანხმებით, ორგანიზაციას ევალება გამართოს ციფრული გამოფენა წევრი ქვეყნების ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშების წარმოსაჩენად, რომელებიც პირდაპირ საუბრობენ გამოხატვის თავისუფლებისკენ სწრაფვაზე და რომელებიც ხელოვანებს წარმოაჩენენ, როგორც დემოკრატიის გადარჩენისთვის საჭირო მნიშვნელოვან ძალას დღევანდელ გლობალიზებულ საზოგადოებაში.